15 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში ფრანგი ხელოვანის ნიკოლა შნაიდერის პერსონალურ გამოფენა სახელწოდებით „Deep River" გაიხსნება.
გამოფენაზე „Deep River" ნიკოლა შნაიდერის აკვარელში შესრულებული 50-ამდე ტილო იქნება წარმოდგენილი. ნამუშევართა უმრავლესობა სპეციალურად თბილისის ექსპოზიციისთვის არის შექმნილი.
ნიკოლა შნაიდერი სტრასბურგში და მარსელში მოღვაწეობს. 2007 წლიდან რენის ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის გამოფენებისა და პროფესიული დახელოვნების კურსის ხელმძღვანელია. 1992 წლიდან კი ცნობილი მხატვრის ჟან-მარკ ბუსტამანტეს ასისტენტი გახლავთ. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ხელოვანმა ნამუშევრების შექმნა წყლის თემაზე, რომელიც მისი შემოქმედების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ნიკოლა შნაიდერი ქმნის იკონოგრაფიას, მისი ნამუშევრები ფიგურატიულსა და აბსტრაქტულს შორის მერყეობს და დროთა განმავლობაში ფორმასა და მასშტაბებს იცვლის.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, გალერეა «რიფ არტ პროჯექტი».
გამოფენის მხარდამჭერია ევროპული ცენტრი CEAAC (Centre Européen d'Action Artistique), ალზასის რეგიონი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.
ექსპოზიცია გასტანს 30 მარტამდე.