რუსი ოპოზიციონერის, გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის ლიდერის გარი კასპაროვის განცხადებით, ვიდრე რუსეთის მთავრობის სათავეში ვლადიმერ პუტინია, "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი არ უნდა გვქონდეს".
"სიამოვნებით შევხვდები ყველას, ვისაც ჩემი აზრის მოსმენა აინტერესებს. დღეს მე წარმოვადგენ რუსეთის პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებისგან განსხვავებით საქართველოსთან ურთიერთობას სხვანაირად უყურებს. სამწუხაროდ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მთავრობაში პუტინია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი არ უნდა გვქონდეს. ბევრი რუსი ნეგატიურად აღიქვამს რუსეთის იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელსაც პუტინი საქართველოსთან მიმართებაში ახორციელებს", - განუცხადა კასპაროვმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, კარგი იქნება თუ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობები აღდგება.
"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ევროპაში თბილისი იქნებოდა ერთადერთი, რომელთანაც მოსკოვს პირდაპირი რეისები არ ექნებოდა", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ კასპაროვი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ის ქვეყნის პირველმა პირმა, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. დღეს კი კასპაროვი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართავს შეხვედრას.