დღეს, 4 მარტს, საქართველოს ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარი შტეფან ფულე ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ფულე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მთავრობის წევრებთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
შეხვედრებისას ევროკომისარი ისაუბრებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების უმთავრეს საკითხებზე, კერძოდ, ასოცირების შეთანხმებასა და მის შემადგენელ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე, ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ეს შეთანხმება საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს. საუბარი იქნება იმ მჭიდრო კავშირებზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვითარდება.
ევროკომისარი ფულე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ხელს მოაწერენ მემორანდუმს საჯარო ფინანსების რეფორმის მხარდაჭერის შესახებ.
ევროკომისარი ფულე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერის შესახებ.
ფულეს ვიზიტი საქართველოში ორდღიანია და ის 4-5 მარტს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში შტეფან ფულეს 3 მარტს ელოდებოდნენ, თუმცა მისი ვიზიტი ბრიუსელში საგანგებოდ მოწვეული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გამო გადაიდო.