რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც "აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის 200 წლისთავს მიეძღვნა". კონფერენციის თემა იყო: "რუსეთი-აფხაზეთი: მეგობრობისა და ურთიერთობების 200 წელი".
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო, მოსკოვში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ. მან კონფერენციაზე ანგარიში წაიკითხა, რომლის სახელწოდებაც იყო: რუსეთი და აფხაზეთი: ისტორია და თანამედროვეობა".
აღნიშნულ კონფერენციაზე სერგეი შამბა საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობებს შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისათვის საქართველოს სათავეში "ადეკვატური ხალხის მოსვლაა" აუცილებელი.
"საქართველოსთან მოლაპარაკებების დროს ჩვენ ყოველთვის ვეძებდით კომპრომისულ ვარიანტებს. თუმცა საქართველოს არ ჰქონდა სურვილი კომპრომისზე წამოსულიყო. ჩვენ მეზობლები ვართ და ჩვენს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა იყოს. აუცილებელია, რომ საქართველოს სათავეში ადეკვატური ხალხი მოვიდეს", _ განაცხადა სერგეი შამბამ.