"თიბისი ბანკმა" სიცრუისა და სიყალბის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. როგორც "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ , მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ კამპანიას პირადად მისი და ბანკის მიმართ. მისივე თქმით, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ყველანაირ სამართლებრივ და ცივილურ ხერხს გამოიყენებს.
"ჩემთვის და ჩემი ბანკისთვის მიუღებელია ფორმა, როდესაც არა შინაარსობრივი და არა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობილი მსჯელობა მიდის, არამედ მიდის შეურაცხყოფა, ცილისწამება, უაპელაციო ბრალდება. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ ტონისა და შეურაცხყოფისა, რომლითაც მე მომმართავენ. მე ამას ვერ მივიღებ. ეს სცილდება ჩემს ბიზნესს. ეს ეხება ჩემს ღირსებას. მინდა გითხართ, რომ ჩემი და ჩემი ორგანიზაციის ღირსება ყველაზე მაღალ დონეზე მყავს დაყენებული. მინდა ყველას მივმართო, ვისაც ასეთი ჩანაფიქრი აქვს, ამ ტონით ნუ დაგველაპარაკება ", - განაცხადა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ყველანაირ სამართლებრივ და ცივილურ ხერხს გამოიყენებს.
პრესკონფერენციაზე ხაზარაძემ კომპანიაზე _ "გუდვილსა" და "ელიტ ელეტრონიქსზე" და "ასავალ დასავალში" გამოქვეყნებულ მასალაზე ისაუბრა. ხაზარაძის ინფორმაციით, 2003 წლიდან 2013 წლამდე, ბანკმა ჯამში "გუდვილს" 80 მილიონი ლარი მისცა. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ "გუდვილს" პრობლემები აქვს "თიბისი ბანკი" აკეთებს სამ სერიოზულ ნაბიჯს: უზრდის საბრუნავ სახსრებს, რომ კომპანია არ გაჩერდეს; უჩერებს პროცენტის გადახდას და 80% მთლიანი თანხის გადააქვს ქონებაში დავალიანების შემცირების გამო, იმ პირობით, რომ დამფუძნებელს და კომპანიას მისი დაბრუნება შეუძლია თავის მფლობელობაში.
რაც შეეხება "ელიტ ელექტრონიქსთან" დაკავშირებით ანზორ ქოქოლაძის ბრალდებებს, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქმე აქაც სერიოზულ გაყალბებებს და ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდება.
"2005 წელს "თიბისი ბანკმა" დაიწყო "ელიტ ელექტრონიქსის" დაფინანსება. 2009 წელს ოთხმა წამყვანმა ქართულმა ბანკმა გააგრძელა მისი დაფინანსება. ვერც ერთ განცხადებაში და სტატიაში ვერ ნახავთ სხვა ბანკების ხსენებას, სულ არის "თიბისი ბანკის" ლანძღვა ქოქოლაძის მიერ", - აღნიშნა ხაზარაძემ.
რაც შეეხება "ასავალ დასავალს", როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ზემოთაღნიშნული ორი შემთხვევის მსგავსად, გაზეთში დაწერილ ცილიმსწამებლურ სტატიებზეც პროკურატურაში სარჩელია შეტანილი. მისი თქმით, თუ მათ წინააღმდეგ იქნება ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი კომპანია, აქვთ ყველანაირი რესურსი და ჰყავთ კვალიფიციური ადვოკატები, რომლებიც შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.