თბილისის სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ლევან ჯაჭვლიანი „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" მონიტორინგის და ინსპექტირების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან დისკრიმინაციული ნიშნით მოხსნეს. სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია საქმის შესწავლაზე ამ ეტაპზე უარს ამბობს.
საქართველოში, 2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საჯარო და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ხელმძღვანელები, მათ შორის თანამშრომლებიც მასობრივად გაათავისუფლეს. უმეტეს შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილებზე, კონკურსის გარეშე „ქართული ოცნების" აქტივისტები დაინიშნენ.
„რეორგანიზაცია" ერთი პირის გათავისუფლების გამო
საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ დირექტორი შეიცვალა „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდშიც", რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. ამ თანამდებობაზ გიორგი ჩხეიძე დაინიშნა. 2013 წლის 23 იანვარს ფონდის დირექტორმა რეაორგანიზაცია გამოაცხადა, რომელიც მისივე ბრძანების თანახმად, 2013 წლის 1 თებერვალს, ანუ 8 დღეში უნდა დასრულებულიყო.
„რეორგანიზაციის" შედეგად, 1 თებერვალს, ორგანიზაციას სახელი შეეცვალა და „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" დაერქვა; გაუქმდა მონიტორინგისა და ინსპექტირების სამსახური და მის ნაცვლად, შიდა აუდიტისა და მონიტორინგისსამსახური ჩამოყალიბდა; აღნიშნული სამსახურის უფროსის ხელფასი 1000ლარით გაიზარდა და 3500ლარი გახდა; გაიზარდა შტატების რაოდენობა; ძველი საშტატო განრიგით გათვალისწინებული იყო 29 საშტატო ერთეული, ახალი საშტატო განრიგით კი 46; რამოდენიმე ათეულით გაიზარდა ხელშეკრულებთ აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა.
ორგანიზაციის ძველი და ახალი დებულებების შედარების შედეგად, მონიტორინგის სამსახურის ფუნქციები არსებითად არ შეცვლილა. ამის მიუხედავად, სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ სამსახურის უფროსს ლევან ჯაჭვლიანს თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა. „მას არ განუმარტავს, რეორგანიზაციის შემდეგ რას ვერ ვაკმაყოფილებდი. მხოლოდ ის მითხრა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე სხვა პირი ჰყავდა შერჩეული, „ნდობის მაღალი ხარისხით", - ამბობს ლევან ჯაჭვლიანი.
ლევან ჯაჭვლიანმა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება არ დაწერა. აღსანიშნავია, რომწლების განმავლობაში ის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მართლმსაჯულების სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, სააგენტოს დირექტორმა მონიტორინგის სამსახურის უფროსად კორნელი გაბლიშვილი1 თებერვალს ისე დაინიშნა, რომ ლევან ჯაჭვლიანი ჯერ გათავისუფლებული არ იყო. ჯაჭვლიანის გათავისუფლების ბრძანება 6 თებერვლით თარიღდება.
ლევან ჯაჭვლიანმა უკანონო ბრძანების გაუქმების, თანამდებობაზე აღდგენის და განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
„სააგენტომ სასამართლოში წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციის გაცემაზე უარი მითხრა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სააგენტოს წერილობით დაავალა დოკუმენტაციის გადმოცემა, კერძოდ, კორნელი გაბლიშვილის დანიშვნის ბრძანება, რეორგანიზაციის შემდგომ თანამშრომლების რაოდენობა და სხვა, მაგრამ მაინც არ მომაწოდეს",- აღნიშნავს ლევან ჯაჭვლიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლევან ჯაჭვლიანთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად მის მიერ დაკავებული თანამდებობის (მონიტორინგის და ინსპექტირების სამსახურის უფროსი) არ არსებობის გამო და მას მიეცა კომპენსაციის სახით ერთი თვის ხელფასი.
ლევან ჯაჭვლიანმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი დააკმაყოფილა. მოსამართლეებმა ქეთევან მესხიშვილმა, ლილი ტყემელაძემ და ნათია გუჯაბიძემ არასწორად მიიჩნიეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ძველი და ახალი სამსახურები არ განსხვავდება ერთმანეთისგან ფუნქციურადდა რომ ძველი სამსახურის ფუნქციები მთლიანად ფარავს ახალი სამსახურის ფუნქციებს. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ რეორგანიზაციას არ მოყოლია შტატების შემცირება, არც ლევან ჯაჭვლიანის კვალიფიკაციის არასაკმარისობა დადასტურდა „რეორგანიზებული" სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
„რეორგანიზაციის შემთხვევაში მუშაკებისთვის ხელშეკრულების შეწყვეტას ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ კანონი". იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო ანალოგიის პრინციპით გამოიყენებდა ზემოთაღნიშნულ კანონს, მას უნდა დაემტკიცებინა, რომ მოხდა შტატების შემცირება. სინამდვილეში, საქმეში დევს მტკიცებულება, რომ ე.წ. რეორგანიზაციის შემდეგ შტატები გაიზარდა. პალატა განმარტავს, რომ „მარტოოდენ რეორგანიზაცია დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების საფუძველი არ უნდა გახდეს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ე.წ. „რეორგანიზაციის" საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს, დამსაქმებლის მიერ მარტოოდენ რეორგანიზაციაზე აპელირება დისკრიმინაციას არ გამორიცხავს"; „მოწინააღმდეგე მხარემ ვერ გამორიცხა ლევან ჯაჭვლიანის თანამდებობიდან გათავისუფლების დისკრიმინაციული საფუძვლების არსებობა", რის გამოც ლევან ჯაჭვლიანის სამსახურიდან გათავისუფლება არამართლზომიერად იქნა მიჩნეული. სწორედაც რომ დისკრიმინაციული ქმედების გამო მოხდა მოსარჩელის გათავისუფლება ვითომდა „რეორგანიზაციის" საფუძვლით. მოსარჩელე პირნათლად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას", -აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სააპელაციო სასამართლომ ბათილად სცნო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის ბრძანება, მონიტორინგისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ლევან ჯაჭვლიანის გათავისუფლების შესახებ და სააგენტოს დაავალა: აღადგინოს ლევან ჯაჭვლიანი ტოლფას თანამდებობაზე; აუნაზღაუროს იძულებით განაცდური ყოველთვიურად 2700ლარის ოდენობით სამსახურში აღდგენამდე.
პროექტების მართვის სააგენტომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
სააგენტოს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე
ლევან ჯაჭვლიანის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოში სააგენტოს ინტერესებს კერძო ადვოკატიპაატა ლობჟანიძეიცავდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სააგენტოს, რომელსაც თავისი იურიდიული სამსახური აქვს, კერძო ადვოკატის მომსახურება რამდენიმე ათასი ლარი დაუჯდა. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ჩვენ სააგენტოს წერილობით მივმართეთ, თუმცა უარი მივიღეთ. სააგენტოს დირექტორის გიორგი ჩხეიძის განმარტებით, სააგენტო არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას და ადმინისტრაციული დანახარჯები, მათ შორის თანამშრომლებზე გაცემული შრომითი ანაზღაურება, არ შეადგენს სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებს.
ლევან ჯაჭვლიანმა სააგენტოს მოსთხოვა, მიეთითებინა იმ ფინანსური სახსრების წარმომავლობა, საიდანაც ხდება ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვა, რაზედაც ინფორმაცია ვერ მიიღო. სააგენტომ ასევე უარი განაცხადა გაეცა ინფორმაცია, საადვოკატო მომსახურებისათვის 2013 წელს რა თანხა გახარჯეს.
ვერ მივიღეთ ინფორმაცია ვერც სააგენტოს თანამშრომლებზე გაცემული პრემიების და სხვა ფინანსური ოპერაციების შესახებ.
ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი „სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით არის დაფუძნებული სახელმწიფო ქონების ბაბაზე და მისი საჯარო სამართლებრივი მიზანია საქართველოშისოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა. სააგენტოს მმართველობითი ორგანო გამგეობაა, რომელიც 9 წევრისგან შედგება - პრემიერ - მინისტრისა და მინისტრებისგან. სააგენტოს დირექტორს გამგეობა ნიშნავს. სააგენტოს მართვაშია სახელმწიფო საწარმოები, რომელთა პროფილი სოფლის მეურნეობის სფეროში საქმიანობაა.
საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას და ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. „მოცემულ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გარანტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება", - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
სახალხო დამცველმა, სოფლის მეურნეობის მინისტრს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყება მოსთხოვა.
მინისტრის კომენტარი - მე ვიცი, საიდან მოდის შენი კითხვა
ლევან ჯაჭვლიანმა თანამდენობიდან მისი უკანონოდ გათავისუფლების საკითხზე სოფლის მეურნეობის მინისტრს შალვა ფიფიას და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიასაც მიმართა.
სამინისტროდან ლევან ჯაჭვლიანს აცნობეს, რომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ მისი საკითხის განხილვა, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის.
ეკა ბესელიამ კი აღნიშნა, რომ კომიტეტმა შეისწავლა ლევან ჯაჭვლიანის განცხადება და მიიჩნია, რომ მასში მოყვანილი ფაქტები საჭიროებს დეტალურ და ობიექტურ სამართლებრივ განხილვას. კომიტეტმა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, რეაგირებისათვის სოფლის მეურნეობის მინისტრს გადაუგზავნა.
ლევან ჯაჭვლიანის უკანონოდ გათავისუფლებასთან და სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის არ გაცემასთან დაკავშირებით, ჩვენ რამდენიმე კითხვით სოფლის მეურნეობის მინისტრს შალვა ფიფიას მივმართეთ:
- სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, რომელსაც ბიუჯეტიდან მრავალი მილიონიერიცხება, უნდა იყოს თუ არა საჯარო ამ თანხების ხარჯვის შესახებ დოკუმენტაცია?
- მე ველოდი ამ კითხვას თქვენგან. მე ვიცი, ეს რისგან არის გამოწვეული. მოგახსენებთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი. მისი დაფინანსების წყაროები არის როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე არასაბიუჯეტო სახსრები. მნიშვნელოვანია, რომ ამ სააგენტოს ადმინისტრირების თანხების დაფინანსება არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუმცა, იგივე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, იმ ინფორმაციას რაც არის საჯარო ინფორმაცია, სააგენტო ყოველთვის აწვდიდა განმცხადებელს. ხოლო, თუ ხდება არასაჯარო ინფორმაციის, მათ შორის კონფიდენციალური ან პირადი ინფორმაციის მოთხოვნამ, ამ ინფორმაციის გაცემა არ მოხდება.
- ბიუჯეტიდანდაფინანსებული მრავალმილიონიანი პროექტების შესახებ თანხის ხარჯვის დოკუმენტაცია უნდა იყოს თუ არა საჯარო?
- ბიუჯეტიდან ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია საჯაროა.
- იღებენ ამას დაინტერესებული პირები? რამდენიმე მედიაორგანიზაციამ გამოვითხოვეთ, ჩვენ - საინფორმაციო ცენტრების ქსელმა, სტუდია „მონიტორმა" და ეს ინფორმაცია ვერცერთხელ ვერ მივიღეთ.
- რა ინფორმაცია მოითხოვეთ კონკრეტულად?
- რაც გითხარით.
- კონკრეტულად რა ინფორმაცია მოითხოვეთ?
- ბიუჯეტიდან მთავრობის განკარგულებით ჩარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ დოკუმენტაცია უნდა იყოს თუ არა ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისთვის?
- საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული კი. ადმინისტრაციული ხელფასების შესახებ ინფორმაცია თუ მოითხოვეთ, იმას არ მოგცემენ. ეს არ არის საჯარო ინფორმაცია და იმას არ მოგცემენ, რაც პირადი ინფორმაციაა.
- სახალხო დამცველის რეკომენდაციას გაეცანით ამ საკითხზე?
- დიახ, გავეცანი.
- აპირებთ გაითვალისწინოთ?
- ის ინფორმაცია, რაც საჯარო ინფორმაციაა, სააგენტოს მიერ იქნა გაცემული. ხოლო ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პირად ინფორმაციას ან კონფიდენციალურ ინფორმაციას, არ მოგცემენ.მე ვიცი,საიდან მოდის შენი კითხვა.
- რამნიშვნელობა აქვს საიდან მოდის? ვალდებული არ ვარ მიზეზი განვმარტო.
- მე ვიცი.
- იცოდეთ, არ არის პრობლემა. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მინიტორინგისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსის ლევან ჯაჭვლიანის სარჩელთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა იქ, რომ მისი განთავისუფლება ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა დისკრიმინაციული ნიშნით. გაეცანით ალბათ.
- თქვენ თუ ხართ გაცნობილი, რომ პირველ ინსტანციაში ეს ასე არ იყო.
- კი, წავიკითხე.
- დღეის მდგომარეობით საქმე განხილვაშია სასამართლოში და როგორი შედეგიც დადგება, ჩვენ მოვიქცევით ისე.
- ეკა ბესელიამაც მოგმართათ ამ საკითხზე. გაეცანით მის მომართვას?
- არა, ქალბატონი ეკას წერილი არ მინახავს".
კახეთის საინფორმაციო ცენტრი