დღეს, 27 თებერვალს, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საქართველოში ბრუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნორა კვიციანმა განმარტა მისი ძმა მოსკოვიდან-საქართველოში 16:00 საათზე ჩამოფრინდება.
,, ბილეთი უკვე აღებული აქვს და, 16:00 საათზე უკვე საქართველოში იქნება. იგი მზადაა ყველა შეკითხვას უპასუხოს და სამართალდამცავებს ჩაბარდეს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან"'საუბარში ნორა კვიციანმა.
ნორა კვიციანი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს რამდენიმე დღით მაინც მიეცეს ოჯახს ემზარ კვიციანის ნახვის შესაძლებლობა.
"მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, ყველას რამდენიმე დღით მაინც მოგვეცით ოჯახს იმის საშუალება რომ ჩემი ძმა ვნახოთ. ორ დღით მაინც დამიტოვეთ ჩემი ძმა", - განაცხადა ნორა კვიციანმა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის რწმუნებულია კოდორის ხეობაში, რომელიც ბოლო დრომდე კოდორის ხეობას აფარებდა თავს. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მისი სპეციალური რწმუნებული კოდორის ხეობაში ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. დაახლოებით 200 თანამოაზრესთან ერთად კვიციანი კოდორის ხეობას აფარებდა თავს. 2006 წლის ივლისში განხორციელებული ოპერაციის შედეგად საქართველოს სპეციალური დანიშნულების სამხედრო რაზმმა მისი მომხრეების უმრავლესობის განიარაღება შეძლო, თუმცა თავად კვიციანმა რამდენიმე ახლო პირთან ერთად გაქცევა მოახერხა. საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა.
2006 წელს უკანონო ფორმირებების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.