თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ონიანთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
2014 წლის 26 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი ონიანის მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო - 20 ათასი ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ბრალდებული გათავისუფლდება პატიმრობიდან.
გიორგი ონიანს ბრალად ედება განზრახ უკანონო დაკავების ორგანიზება, ასევე მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფო ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მასვე, ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ერთ-ერთ არგუმენტად ბრალდების მხარემ დაასახელა გ. ონიანის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე; წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ გ. ონიანისთვის ბრალდებულის სტატუსის განსაზღვრამდე, მასსა და მოწმეებს შორის, რომლებიც გ. ონიანის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში იმყოფებოდნენ მის უშუალო დაქვემდებარებაში, შედგა გარკვეული სახის კომუნიკაცია, თუმცა ეს გარემოება სასამართლოს აზრით არ წარმოადგენს ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საკმარის საფუძველს.
ასევე, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ: ბრალდებულს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ოჯახი, ამასთანავე გამოძიების პროცესში მას თავი არ აურიდებია სამართალდამცავ ორგანოში და სასამართლოში გამოცხადებისათვის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულ გ. ონიანის მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები და გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეულ იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2014 წლის 15 აპრილს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს მიმართ გამოხატული აშკარა და უხეში უპატივცემულობისათვის, ადკვოკატი რომეო საჯაია სასამართლოს მიერ დაჯარიმდა 50 ლარით.