სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს მოუწოდებს ციხის #14 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს. აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,2014 წლის 6 თებერვალს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მასობრივი პროტესტის შესახებ. იმავე დღეს, პროტესტის გამომწვევი გარემოებების გარკვევის მიზნით სახალხო დამცველის რწმუნებულები მივიდნენ აღნიშნულ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს და გაესაუბრნენ მსჯავრდებულებს. საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მსჯავრდებულების ი.ტ-ს და ი.ხ-ს მიმართ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულებს სხეულზე აღენიშნებოდათ დაზიანებების კვალი.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას საქართველოს პროკურატურა არ აწარმოებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #14 (გეგუთის) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს და საქმე აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ", _ნათქვამია ნანუაშვილის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები