„საქართველოს ბანკი" გენერალური დირექტორი კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის შესაძლებლობას, კონკურენციის პირობების შეზღუდვად აფასებს, რაც ირაკლი გილაურის აზრით მომხმარებელს დააზარალებს.
„მარტივად ეს არის კონკურენციის შეზღუდვა ნებისმიერ სექტორში. ანუ თუ მოთამაშეს ზღუდავ და რეგულაციებს აწესებ, მაშინ ეს მომხმარებლებისთვის საბოლოო ჯამში იქნება ცუდი, უფრო უარესი პირობებით ვიდრე ქონდა. ანუ „მ2", რომ არ იყოს უძრავ ბაზარზე, უფრო კარგი წინადადებები ექნებოდა ჩვენს მომხმარებელს თუ არა? მე ვფიქრობ, რომ „მ2"-მა შეიტანა დიდი წვლილი იმაში, რომ უფრო დაბალი ფასები და მაღალი ხარისხი შესთავაზა მომხმარებელს. კომპანია უფრო სწრაფად ასრულებს პროექტის მშენებლობას. ვიდრე საკონტრაქტო პირობებია. ასეთი რამ არ მომხდარა, რომ საშუალო კომპანიას დაესრულებინოს პროექტი იმაზე ადრე, ვიდრე ვალდებულება აიღო. საბოლოო ჯამში შეიზღუდება კონკურენციის პირობები და სურთ, რომ მოთამაშეებმა სასათბურე პირობები შეიქმნათ და არ სურთ კონკურენცია გასწიო სხვებთან.
რაც შეეხება იმის საყვედურს, რომ დაფინანსების კუთხით შესაძლოა შეიზღუდონ ისინი, საქართველოში 21 ბანკია და ამით „საქართველოს ბანკი" წააგებს თუ არ დავაფინანსებთ კარგ პროექტებს. რაც აბსურდია. ჩვენ საქმიანობა გაყოფილი გვაქვს და ცალკეა უძრავი ქონების ბიზნესი, ცალკეა უნივერსიტეტი და ცალკეა „საქართველოს ბანკი". ეგრე გამოვა, რომ ჩვენ კარგ კლიენტურას დავკარგავთ, რაც პირიქით ჩვენი საზიანოა. ჩვენ გვსურს, რომ კარგი პროექტები შემოვიდეს და ყოველთვის ვეუბნებით, მათ რომ ეს ბიზნესები გაყოფილია და ყველა ბიზნესი სხვადასხვანაირად იმართება.
საქართველოში არის 21 კომერციული ბანკი და თუ „საქართველოს ბანკი" არ აფინანსებს ხომ არის დანარჩენი 20 ბანკი?!. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ „მ2"-ს საერთოდ არ ვაფინანსებთ.
აკრძალვა ბიზნესში შესვლაზე პირველ რიგში მომხმარებელს დააზარალებს. არამგონია, რომ ვინმეს სურდეს, რომ მომხმარებელი დააზიანოს"- განაცხადა ირაკლი გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტთა ოთხეული, ლევან კალანდაძე, ირაკლი ლექვინაძე, ლევან ალაფიშვილი და გიორგი აბაშიშვილი ხელისუფლებას კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის წინადადებით მიმართავენ.
„ბოლო დროს, აშკარად ფიქსირდება ტენდენცია - კომერციული ბანკების და მათთან კავშირში მყოფი სუბიექტების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობებს, რომ რიგი ბიზნეს მიმართულებები ექსკლუზიურად საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ. შესაბამისად, პირდაპირ ან ირიბად თავად შექმნან და თავადვე მართონ არაპროფილური კომპანიები და ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტზე მოიპოვონ დომინანტური საბაზრო ძალაუფლება. აღნიშნული, განსაკუთრებით თვალში საცემია შემდეგ სფეროებში: სამშენებლო და დეველოპერული საქმიანობა, მსხვილი საცალო ვაჭრობა, ჰოსპიტალური სექტორი, ჯანდაცვა, ფარმაცია და დაზღვევა. აღნიშნული სამომავლოდ უცილობლად გამოიწვევს მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემებს. კერძოდ, საბანკო სტრუქტურების ხელში მაღალი საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციას და დომინანტური მდგომარეობის მოპოვებას. რაც საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება ზოგადად საბაზრო ურთიერთობებზე და გამოიწვევს როგორც კონკურენტული გარემოს მნიშვნელოვან შეზღუდვას ბიზნესის რიგ სფეროებში, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ფინანსებზე წვდომას" - ნათქვამია წერილში, რომლითაც ექსპერტები საქართველოს პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართავენ.
კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის წინადადების გარდა, ბრიფინგზე ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ექსპერტებმა სესხებისა და კრედიტების გაცემის კუთხით ბანკებთან უშუალო კავშირში მყოფი სუბიექტებისთვის (როგორც კომპანიები, ასევე საბანკო ადმინისტრატორის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები და კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის მქონე პირები) პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების შესაძლებლობის მაქსიმალური შეზღუდვის საკითხი დასვეს.