საქართველოს სახალხო დამცველს 2014 წლის 20 იანვარს საქართველოს მოქალაქე საიხან მუზაევმა მიმართა, მისი უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. საიხან მუზაევის განცხადებით, მან 2014 წლის იანვრის თვეში სამჯერ სცადა საქართველოს დატოვება ინგლისში გასამგზავრებლად, თუმცა, იგი საზღვარზე არ გაუშვეს.
საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისათვის, თუმცა, შესაბამისი უწყებებიდან დღემდე ახსნა-განმარტება არ მიუღია.
მსგავსი ქმედება სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან წარმოადგენს საიხან მუზაევის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევას.
საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით გარანტირებულია მოქალაქის მიმოსვლის, მათ შორის ქვეყნის დატოვების უფლება. კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კი „ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობსი დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით".
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 27-ე ზოგადი კომენტარის მიხედვით, რომელიც განმარტავს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების 1966 წლის პაქტის მე-12 მუხლით დაცულ მიმოსვლის თავისუფლებას, კანონი უნდა ადგენდეს მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის პირობებს. კომიტეტი განმარტავს, რომ მსგავსი კანონების მიღების დროს სახელმწიფო ყოველთვის უნდა ხელმძღვანელობდეს იმ პრინციპით, რომ შეზღუდვამ არ უნდა დაარღვიოს უფლების არსი. არ უნდა მოხდეს ისე, რომ უფლების/ნორმის ადგილი დაიკავოს შეზღუდვამ და გამონაკლისმა. ამასთან, კანონი, რომელიც მსგავს შეზღუდვებს აწესებს უნდა ადგენდეს ზუსტ კრიტერიუმებს და ამ კანონის აღმასრულებელ პირსა თუ უწყებას არ უნდა აღჭურავდეს განუზომელი დისკრეციით. კომიტეტის განმარტებით, მიმოსვლის თავისუფლებაში ჩარევისათვის არ არის საკმარისი, რომ შეზღუდვა ემსახურებოდეს ერთ-ერთ ჩამოთვლილ მიზანს, აუცილებელია, რომ ეს შეზღუდვები ამავე დროს იყოს აუცილებელი. ამასთან, შეზღუდვა უნდა იყოს მისაღწევი მიზნის პროპორციული და ამავდროულად, ყველაზე ნაკლებად უნდა ახდენდეს მიმოსვლის თავისუფლებაში ჩარევას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კანონი ზუსტად და დეტალურად განსაზღვრავდეს მსგავსი შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და პირობებს. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი განმარტავს, რომ პროპორციულობის პრინციპი დაცული უნდა იყოს არა მარტო იმ კანონის მიერ, რომელიც მსგავს შეზღუდვებს აწესებს, არამედ ყველა იმ ადმინისტრაციული და სასამართლო უწყებების მიერ, რომელიც ამ კანონს იყენებს.
ზემოაღნიშნული განმარტებების საპირისპიროდ , საიხან მუზაევისათვის არც კი არის ცნობილი თუ რის საფუძველზე ეზღუდება მას ქვეყნის დატოვების უფლება, რაც მისი საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლების დარღვევას წარმოადგენს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად და არ დაუშვას საიხან მუზაევის უფლებების განმეორებით დარღვევა.