შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მრჩეველ ჯულია კლაუსს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი გეგმები განიხილეს, ასევე იმ დასრულებული პროექტების შედეგები წარადგინეს, რამაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ჯულია კლაუსმა დადებითად შეაფასა ურთიერთთანამშრომლობის პროცესი და აღნიშნა, რომ ქართული მხარის ძალისხმევა მოსამსახურეთა გადამზადებისა და ლოჯისტიკის განვითარების კუთხით დადებით შეფასებას იმსახურებს საერთაშორისო
ორგანიზაციების მხრიდან. მან იმედი გამოთქვა, რომ ზემოაღნიშნული ტენდენციები კვლავ გაგრძელდება.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა ამერიკის სახელმწიფო ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელს
და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 24 ერთეული კვადროციკლი საჩუქრად გადაეცემა, რაც სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. კვადროციკლების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება 2014 წლის მარტში ჩატარდება.