კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ადვოკატი, ირაკლი ზაქარეიშვილი მოუწოდებს ცალკეულ პირებს, აგრეთვე ხელისუფლების მოქმედ თუ ყოფილ წარმომადგენლებს შეწყვიტონ გირგვლიანის გარდაცვალების მიზეზებზე ცალმხრივი საუბრები.
„მოვუწოდებ ცალკეულ პირებს, აგრეთვე ხელისუფლების მოქმედ თუ ყოფილ წარმომადგენლებს - შეწყვიტონ ალ. გირგვლიანის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით საზოგადოების ცალმხრივი ინფორმირება. მათ მიერ დასახელებული ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების მიზეზები - არასრულყოფილი და არაკვალიფიციურია სამედიცინო თვალსაზრისით, ამოვარდნილია გარემოებათა საერთო კონტექსტიდან და ამახინჯებენ მომხდარის რეალურ სურათს", - ნათქვამია ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებაში.
ზაქარეიშვილი განვმარტავს, რომ ალ. გირგვლიანის გარდაცვალების მიზეზი მოცემულია მოსამართლე გიორგი ჩემიას 2006 წლის 06 ივლისის განაჩენში მე-9 და მე-10 გვერდებზე, სადაც ციტირებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის იმდროინდელი შედეგები.
„ხსენებული განაჩენი საჯაროა, კანონიერ ძალაშია და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ აღნიშნულს. ამჟამად, არსებულ გარემოებათა გათვალისწინებით, გამოძიების მიერ დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რაც მართალია ვერ შეცვლის ალ. გირგვლიანის გარდაცვალების უკვე დადგენილ მიზეზს, მაგრამ ნათელს მოჰფენს მისი გარდაცვალების რეალურ გარემოებებს და ამ საქმეში სტერეოტიპად დაკვიდრებული ყველა მოცემულობა რადიკალურად შეიცვლება", - აცხადებს ზაქარეიშვილი.