"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხეს. დეპუტატის დაკითხვა საგამოძიებო ორგანოში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ჟურნალისტებთან ნადირაშვილმა განაცხადა მას სამართალდამცველებს გია ლორთქიფანიძის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
"კონკრეტული ინფორმაცია მივაწოდე მათ, რაც მქონდა, რომ გია ლორთქიფანიძის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებაში აშკარად იყვნენ ჩარეულნი შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები. ეს ინფორმაცია მივიღე სხვადასხვა წყაროდან. მოხარული ვიქნები თუ ისინი ნამდვილად დაინტერესდებიან ამ საქმის ბოლომდე მიყვანით", - განაცხადა ნადირაშვილმა.