საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დასაბუთების ევროპული სტანდარტის დაცვით უზრუნველყონ იმ პირებისათვის სათანადო ახსნა-განმარტების მიცემა, რომლებსაც უარი ეთქვათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე.
2013 წლის 1 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ხაგანი ისმაილოვის ადვოკატმა ალექსანდრე ასაკიშვილმა. განცხადების თანახმად, რუსეთის მოქალაქე ხაგანი ისმაილოვი დაბადებულია გარდაბნის რაიონის სოფელ აგთალიაში, სადაც საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სახლი და ჰყავს დედა და ქალიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ისმაილოვმა 2012 წელს მიიღო საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა. მას 2013 წლის მაისში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტის საფუძველზე არ მისცეს საქართველოში შემოსვლის უფლება.
2013 წლის 10 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ასევე მიმართა მოქალაქე ხალილ საუდ ალჰლალის წარმომადგენელმა ვახტანგ დვალიშვილმა. განმცხადებლის განმარტებით, არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქე ხალილ საუდ ალჰლალი უკვე რამდენიმე წელია მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ ძაბახევში და სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ვახტანგ დვალიშვილის ინფორმაციით, 2013 წლის 2 ივლისს ხალილ საუდ ალჰლალს საქართველოში შემოსვლაზე ეთქვა უარი.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ჩაერია ხაგანი ისმაილოვისა და ხალილ საუდ ალჰლალის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი თხოვნის მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატისათვის არ მოუწოდებია სრული ინფორმაცია ამ უფლებაში ჩარევის ფაქტობრივი საფუძვლების შესახებ, აღნიშნული არ გამხდარა არც საერთო სასამართლოების განსჯის საგანი, სახალხო დამცველი ვერ შეაფასებს ჩარევა ემსახურებოდა თუ არა ლეგიტიმურ მიზანს და გამოყენებული ზომა იყო თუ არა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევის პროპორციული.