ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრაზე სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მენო შნელიმ და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრენკ ჰიმსკერკმა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები განიხილეს. შეხვერდაზე სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე მდგომარეობა და გაცვლითი კურსის პოლიტიკა.
აღინიშნა, რომ საქართველოში არსებული მცურავი გაცვლითი კურსი, ოპტიმალურია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი მიზნებისათვის.
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ასევე დადებითად შეაფასეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის.
„გვქონდა საინტერესო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკის მდგომარეობასა და მონეტარულ პოლიტიკაზე. განვიხილეთ ინფლაციის და ეკონომიკის ზრდის პროგნოზები. ეს საუბარი იყო კონსტრუქციული. ბოლო პერიოდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ოპტიმისტურია. დადებითად ვაფასებთ ეროვნული ბანკის მონეტარულ და ფულადსაკრედიტო პოლიტიკას. საქართველოში ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა, რომელიც კვლავ მაღალია. კონკურენტუნარიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის უნდა განახორციელონ ინვესტიციები და შექმნან დამაჯერებელი მაკროეკონომიკური ჩარჩოები რომელიც მიმზიდველი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მენო შნელიმ.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი მრავალი წელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ურთიერთობა არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში. უკვე დიდი ხანია აღარ ვართ იმ ფაზაში, როცა ჩვენ გვიწესებენ რაიმე ტიპის მოთხოვნებს, იმიტომ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ზედმიწევნით კარგად ასრულებს ყველა იმ სამიზნე მაჩვენებელს, რომელიც დადგენილია ამა თუ იმ პროგრამის მიხედვით. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ მონეტარულ პოლიტიკაზე და ეროვნულ ბანკში განხორციელებულ სხვადასხვა რეფორმებზე. მათგან გვაქვს სრული მხარდაჭერა და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკი დელეგაცია თბილისში 13 თებერვალს ჩამოვიდა.