თბილისის საკრებულოში საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარებდა.
სიტყვიერი დაირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ილია ათანასოვმა საკრებულოს წევრებს 65 მლნ ლარით გაზრდილი ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
როგორც ათანასოვმა სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტი 850 მილიონ ლარს შეადგენს და იგი 65 მილიონი ლარით, ძირითადად, არაფინანსური აქტივობის კლების ხარჯზე, ანუ პრივატიზაციიდან შესული თანხებით გაიზრდება.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის პროტესტი მოჰყვა.
როგორც ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, ეს ბიუჯეტი თუ დამტკიცდა, დაახლოებით 50 მილიონი ლარის გარღვევაა მოსალოდნელი.
მისივე ინფორმაციით, არაფინანსურმა აქტივობებმა წლის დასაწყისში დაგეგმილი 10 მილიონის ნაცვლად, 35 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს მერიის მიერ საკრებულოში პირველად შეტანილი ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი იყო 15 მლნ ლარი, 10 დეკემბერს წარდგენილი ბიუჯეტით - 35 მლნ ლარი, დღეს კი ეს ციფრი 100 მლნ ლარს შეადგენს.
შიხიაშვილის განმარტებით, არაფინანსური აქტივობები ნიშნავს, რომ მერიამ აღნიშნული თანხა გარკვეული შენობების გაყიდვით უნდა მიიღოს.
"თუ ეს ვერ მოხდა, არჩევნების წელს ბიუჯეტი ჩავარდება და "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნებისკენ" გაიშვერს ხელს, რომ იგი უუნაროა", - განაცხადა შიხიაშვილმა.
მანვე სხდომის ბოლოს განცხადება გააკეთა. ირაკლი შიხიაშვილმა მადლობა გადაუხადა ილია ათანასოვს ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის წარდგენისთვის და დასძინა, რომ ამ ბიუჯეტმა "ნაციონალური მოძრაობა" ბოლომდე ამხილა. შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერს სურს ბიუჯეტი მხოლოდ ფურცელზე არსებობდეს და პროგრამების შესრულება მხოლოდ დაპირებებად დარჩეს.
მან ბიუჯეტის პროექტს ხელისუფლების მიმართ დაგეგმილი საბოტაჟი უწოდა და აღნიშნა, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტის ავტორები გიგი უგულავა, სევდია უგრეხელიძე და ირაკლი აბესაძე არიან, რომლებსაც მოსახლეობის სახელით საუბრის უფლება არ აქვთ.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ყველა საბიუჯეტო განხილვაზე ბიუჯეტის პროექტი სხდომის წინ მინიმუმ 50-60 მილიონი ლარით იზრდება, რაც მარაზმია.
"ამ მარაზმს წერტილი უნდა დაესვას. ან გადადგებიან, ან იმის ხარჯზე, რომ ეგენი წავიდნენ, ჩვენც გადავდგებით, მაგრამ ამ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დავუჭერთ", - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.