სასტუმროების ქსელი "მარიოტი" საქართველოში გაფართოებას გეგმავს. 12 თებერვალს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა „მარიოტის" წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში ახალი, "მოქსის" (MOXY) ბრენდის შემოსვლით არიან დაინტერესებული. "მოქსი" წარმოადგენს „მარიოტის" ჯგუფის ბრენდს, რომელიც თავისი ხარისხით, სერვისით და ხელმისაწვდომობით ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
"საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს. გვიხარია, რომ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს. საქართველოს ბაზარს ვიკვლევთ. ძალიან კარგი საფუძველი არსებობს აქ იმისთვის, რომ მომდევნო წლებში საქართველოს ბაზარზე რეალიზება მოვახდინოთ. ეს იქნება პირველი საერთაშორისო მცდელობა იმისა, რომ ,,მოქსი" ბრენდი აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე გავაფართოვოთ. ჩვენ აქ ძალიან კარგი პარტნიორები გვყავს" - განაცხადა „მარიოტის" სასტუმროების საერთაშორისო განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა მარკუს ლენერტმა.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც "მოქსის" ბრენდის სასტუმრო აშენდება. მათ დღეს მინისტრს სასტუმროების ქსელის გაფართოების საკუთარი კონცეფცია გააცნეს.
"ამ დროისთვის საქართველოში, კერძოდ თბილისში ორი სასტუმროთი ვართ წარმოდგენილი. გვიხარია, რომ თქვენს ქვეყანაში წარმატებით ვმოღვაწეობთ. კმაყოფილები ვართ ქართველი პარტნიორებით და მათი მუშაობით. ჩამოვედით, რათა ადგილზე შევისწავლოთ ბაზარი და ვნახოთ რამდენად შეესაბამება ახალი ბრენდი ბაზრის მოთხოვნებს,-'' განაცხადა "მარიოტის" ქსელის აღმოსავლეთ ევროპის ვიცე-პრეზიდენტმა ივიცა ჩაჩიციმ.
პირველ ეტაპზე, ინვესტორები ბათუმით და ლიკანით დაინტერესდნენ. უახლოეს დღეებში ბათუმში ჩასვლას და ბათუმი თაუერის დათვალიერებას გეგმავენ.
,,დღეს ჩვენ განვიხილეთ ბათუმის გაფართოების საკითხი. მათ, ასევე, აინტერესებთ ,,მოქსის" ბრენდით აღმოსავლეთ საქართველოში გაფართოება. ჩვენი სამინისტროს შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რათა მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს ამ პროექტების განხორციელება" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამ დროისთვის „მარიოტი" საქართველოში ორ სასტუმროს მართავს. ბაზრის შესწავლის შედეეგად არ არის გამორიცხული, რომ კომპანია საქართველოში კიდევ რამდენიმე ბრენდით იყოს წარმოდგენილი.