ტოკიოში საქართველოს საინფორმაციო ცენტრი იხსნება. შეთანხმებას, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ და იაპონელმა ბიზნესმენმა, კომპანია „NATURE PLUS"-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა სატოში აბარამ მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიალს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი ესწრებოდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტოკიოში საქართველოს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს , რომელიც სატოში აბარას დაფინანსებით გაზაფხულზე ამოქმედდება, ქართული მხარე საპრომოციო მასალებითა და აუცილებელი ინფორმაციით მოამარაგებს, დაიგეგმა საქართველოში იაპონელი ჟურნალისტებისთვის პრეს ტურის მოწყობა, კლიპის გადაღება იაპონური პოპულარული საცეკვაო ანსამბლის IKV 48 - ს მონაწილეობით. იაპონიაში საქართველოს ტურიზმის დღეების ჩატარება და ასევე სხვა ღონისძიებები რომლებიც იაპონიის საელჩოს და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყობა. ასევე იაპონური მხარე თავის თავზე იღებს, საქართველოს საინფორმაციო ბროშურების, ვებ გვერდის, პორტალისა და ფეისბუქ გვერდის იაპონურ ენაზე თარგმნას და ოპერირებას.
ტოკიოში საქართველოს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიზანი ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩინება, საქართველოს ცნობადობის ამაღლება და იაპონიიდან ტურისტების ნაკადების გაზრდა იქნება. აღნიშნული ინიციატივა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა , რამდენადაც შესაძლებელია მინიმალური ხარჯებით ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება იაპონიაში, ტურისტების რაოდენობის გაზრდა და სამომავლოდ იაპონური ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სიგუამ.
საქართველოში იაპონელი ვიზიტორების სტატისტიკა წლიდან წლამდე იზრდება საშუალოდ 30%-ით. იაპონელები მსოფლიოში მაღალი მხარჯველობითუნარიანობით გამოირჩევნიან და ნებისმიერი ქვეყნისთვის სასურველი ტურისტები არიან. საქართველოს ისინი უმეტესად ორგანიზებულად სტუმრობენ, რაც მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ტურისტული ინდუსტრიისთვის.