ამ წუთებში ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება სოფელ წავკისის მცხოვრები ხუთი გლეხი. მათ შორის პირველი ჯგუფის ინვალიდი მალხაზ გვარაძე.
პროკურატურა იძიებს საქმეს პარლამენტარ თემურ ფეიქრიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით.
მალხაზ გვარაძე და 4 ადგილობრივი მოსახლე აცხადებენ, რომ პარლამენტარი თემურ (გიორგი) ფეიქრიშვილი და მისი გარემოცვა, მათ შორის კუდის ყოფილი შეფის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი, სხვადასხვა მაქინაციური, თუ ძალისმიერი მეთოდებით მოსახლეობას დიდი ხანია აშანტაჟებს, აშინებს და ამ გზით მათ კუთვნილ ქონებას ეუფლება.
ადვოკატი ლექსო არქანია საუბრობს ორი სახის სქემაზე. ერთი, როცა მოსახლეებს პირდაპირ, დაშინების გზით, წაართვეს მიწები; და მეორე - როცა მეპატრონეებმა მიწები მათგან უკითხავად, დოკუმენტების გაყალბების შედეგად დაკარგეს.
გლეხების დაკითხვა რამდენიმე საათია მიმდინარეობს და მათთან ამჟამად იმყოფება იურისტი ლექსო არქანია. აღნიშნულ საქმეზე პრესის და სოციალური ქსელების მეშვებით აჟიოტაჟი დაახლოებით ერთი თვის წინ ატყდა, მას შემდეგ, რაც ჩინოვნიკების მიერ კორუფციული გზით მიღებული ქონების შესახებ მამხილებელი დოკუმენტაცია გასაჯაროვდა. ორი კვირის წინ კი პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას პირობა დადო, რომ ფეიქრიშვილ-ლელუაშვილის საქმეს შეისწავლიან.