საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავას ადვოკატებმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
,,დღეს შევიტანეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომელიც ჩემი უფლებამოსილების უკანონო შეწყვეტას ეხება. მინდა საზოგადოებას განვუმარტო ამ სარჩელის მიზანი. ამ სარჩელის მიზანი და არც ჩემი სურვილი არ არის, რომ მერის ოფისში დავბრუნდე. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც 5 თვეში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და, შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა აირჩევს ახალ მერებსა და გამგებლებს. სარჩელის მიზანი არის ფართო და ის არ დაიყვანება რომელიმე კონკრეტულ პერსონალიამდე და არც ჩემამდე. ამ სარჩელით ჩვენ გინდა, დავამსხვრიოთ ის ჩამოყალიბებული სტერეოტიპი და ტენდენცია, რომელიც საქალაქო და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ შექმნა, რომ ნებისმიერ მთავრობას, რომელსაც არ მოეწონება არჩეული მერი ან გამგებელი, შეეძლოს სასამართლოს გამოყენებით ჩამოაშოროს არჩეული თანამდებობის პირი თანამდებობას. შემდეგ კი, წლების განმავლობაში, თანამდებობის პირმა ამტკიცოს უდანაშაულობა, იმის მაგივრად, რომ შეასრულოს ის დანაპირები, რაც ხალხმა გამოუცხადა არჩევნების შემდეგ",_განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, სასამართლო არ უნდა იყოს პოლიტიკოსების დაპირისპირების ადგილი და პოლიტიკოსებმა დავა და ოპონირება პოლიტიკურ სივრცეში უნდა გადაიტანონ.
,,ჩვენი სარჩელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლო არ იყოს პოლიტიკოსების დაპირისპირების ადგილი. სასამართლო იყოს მხოლოდ მართლმსაჯულების ადგილი და პოლიტიკოსებმა დავა და ოპონირება გადაიტანონ პოლიტიკურ სივრცეში. იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ფართოდ შეხედავს პრობლემას. ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, რომ არჩეული მერი საერთოდ არ შეიძლება იყოს გადაყენებული. არა, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. მაგრამ, არჩეული თანამდებობის პირის გადაყენების სტანდარტი არ შეიძლება იყოს ის, რა სტანდარტიც გამოიყენეს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა, როდესაც ღამის პირველ საათზე, მხარეების მონაწილეობის, არგუმენტების გაცნობის გარეშე მოხდა თანამდებობის პირის გადაყენება", _აცხადებს უგულავა.