ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს ანგარიშის გარკვეული ნაწილი შესაძლოა, გასაიდუმლოვდეს. ამის შესახებ, სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან ერთთვიანი ანგარიშის წარდგინებისას განაცხადა.
"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომისია ძალიან აქტიურად მუშაობდა, მოეწყო შეხვედრა ათობით ადამიანთან, ხდება ფოტო, ვიდეო და სხვა სახის მასალის შეგროვება. მოწმეების დიდ ნაწილთან შეხვედრები უკვე დასრულებულია, თუმცა კვლავ რჩება გამოსაკითხი რამდენიმე პირი და დასაზუსტებელი რამდენიმე ინფორმაცია. მეორე ეტაპი, რაც ინფორმაციის ანალიზს გულისხმობს მალე დაიწყება. თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელება როდის დასრულდება მუშაობა გამიჭირდება. ორი თვის მანძილზე ჩვენ სავარაუდოდ შევძლებთ თავი მოვუყაროთ ამ ინფორმაციას და იმედი გვაქვს გაზაფხულისთვის უკვე იქნება გარკვეული დასკვნა", - განაცხადა სახალხო დამცველმა.