,,ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრის ოჯახს კორუფციაში ადანაშულებს და აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთვაზობთ: ,,გამოვლინდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებული მსხვილი კორუფციული სქემა. კლანმა თავის კონტროლს ქვეშ მოაქცია ტენდერის გამომცხადებელი სტრუქტურა, შემსრულებელი ფირმები და შემმოწმებელი კომპანია.
პრემიერის მეუღლის (თამაზაშვილის ქალიშვილის) ნუნუკა თამაზაშვილის ბიძაშვილი იოსებ ქადაგიშვილი დაინიშნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და სატენდერო კომისიის თავჯდომარედ.
ერთი წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა შპს „სერპანტინმა" (ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარი), მათ შორის 12.5 მილიონი ლარის ტენდერები სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციის მიერ იქნა გამოცხადებული. გარდა ამისა, პირდაპირი შესყიდვის წესით კომპანიასთან გაფორმებული არის რამდენიმე მილიონიანი ხელშეკრულებები.
კომპანია „სერპანტინის" 51% მფლობელი 65 წლის ქალბატონი თამარ ჯანყარაშვილი, შსს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა და შსს გენ. ინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დის შვილის ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავი.
აღნიშნულმა კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში მოიგო ჯამში 15 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ტენდერები (შედარებისთვის გასული წლების განმავლობაში იგივე ფირმამ 6 მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო შეკვეთა შეასრულა ანუ საშუალოდ წელიწადში 20 ჯერ ნაკლები ვიდრე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში).
კლანმა ზეწოლის შედეგად აიძულა დაგებული საფარის შემოწმებელი ერთადერთ ფირმა შპს „საავტომობილო გზების რეაბილიტაციიისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექცია" ქვეკონტრაქტორად აეყვანა შპს „ვილსფორტ მენეჯმენტი", რომლის ტექნიკური დირექტორი არის ელდარ ხუციაძე, შპს „სერპანტინის" 31% მფლობელის ნუგზარ ხუციაძის მამა.
„შპს ვილსფორტ მენეჯმენტი"-ის 50%-ის მფლობელი არის აგრეთვე კახა ბაინდურაშვილი, შპს „TV3"-ის თანამფლობელი და ძმები ჩხენკელების ბიზნეს პარტნიორი. აკაკი ჩხენკელი, შსს გენინსპექციის ყოფილი მაღალჩინოსანია, ანუ ზვიად ჯანყარაშვილის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად კი პრემიერის კანცელარიის რეგიონული სამსახურის უფროსი. ლაშა ჩხენკელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, შპს „TV3"-ის თანამფლობელი", _ნათქვამია განცხადებაში.