დღეს, სააპელაციო სასამართლო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მთავარი პროკურატურის სარჩელს განიხილავს. პროცესზე ეგრეთწოდებული ,,ციხის ბუნტის" საქმესთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
პროკურატურა ახალაიას ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. პირველი ინსტანციის სასამართლომ ბაჩო ახალაია და მასთან ერთად საქმეში ბრალდებული პირები არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო. მეორე მუხლით წაყენებული ბრალი კი, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობდა, მოუხსნა. სწორედ ამას ასაჩივრებს ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში.
პროცესი 3 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა ის ბაჩო ახალაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო.
სააპელაციო სასამართლო პროკურატურის სარჩელის განხილვას დღეს 14:00 საათზე დაიწყებს.