საქართველოს მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
პროკურატურა განმარტავს, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის ორი საკვანძო მოწმე, რომლებმაც დაადასტურეს ივანე მერაბიშვილისთვის წარდგენილი ბრალდება.
"დაცვის მხარის განცხადებები, ბრალდების მოწმეების მიერ მათთვის სასარგებლო ჩვენებების მიცემის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას. მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ 2011 წლის 26 მაისს სამართალდამცავები მოქმედებდნენ ივანე მერაბიშვილის ბრძანებით, ჩატარდა სადამსჯელო ოპერაცია, რომლის მიზანი იყო არა მიტინგის დაშლა, არამედ მშვიდობიანი მომიტინგეების ალყაში მოქცევა და მათი მასობრივი დაკავება", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.