თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც პროცესის დაწყებამდე მოსამართლემ განაცხადა საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტის შესახებ შეიტყო და იგივე თუ სხდომათა დარბაზშიც განმეორდება, პროცესს დახურავს.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის პროცესი მიმდინარეობს და სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით იკითხება ნინო ბურჯანაძე. პროცესის დაწყებამდე კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის და ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის მომხრეები დაუპირისპირდნენ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები "თავისუფალი ზონის" მიერ ორგანიზებულმა აქციამ და მისმა სლოგანმა: "ბურჯანაძეების ოჯახი გრუ-ს ჯაშუშები" გააღიზიანა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს განუცხადეს გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.