ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. მიმართვის ტექსტს გთავაზობთ იუცვლელად
"საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს
ილია ჭავჭავაძის საზოგადოება პროტესტს აცხადებს იმის გამო, რომ მიუნხენის კონფერენციაზე თქვენს გამოსვლაში მსოფლიო საზოგადოების წინაშე რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაციაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის, თქვენ ისაუბრეთ მოუგვარებელ კონფლიქტზე ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის. ამგვარად, ჩვენი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ წლების მანძილზე დემოკრატიულ მსოფლიოს საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხად აქვს დასახული და გათავისებული, თურმე რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაცია კი არა, ეთნიკური კონფლიქტი ყოფილა! ბუნებრივია, რომ ამაზე უკეთეს საჩუქარს,ვიდრე თავად ოკუპაციის მსხვერპლი ქვეყნის პრემიერის მიერ ოკუპანტის ამგვარი გამართლებაა, რუსეთის მხარე ვერ ინატრებდა და სრულიად ბუნებრივია, რომ ამისთვის მათი წარმომადგენლის ქებაც დაიმსახურეთ!
ამგვარ ფონზე თქვენი საუბარი ევროინტეგრაციასა და ნატოზეც მხოლოდ ლოზუნგია.შეგახსენებთ, რომ აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ საბოლოოდ არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი მხრიდან ოკუპაციასთან შეუგუებლობის მუდმივი დემონსტრირება და ამისთვის საერთაშორისო ტრიბუნის ადეკვატურად გამოყენებაა".