საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ინტერნეტში გავრცელებული საკნდალური ვიდეოკადრების შესწავლისკენ მოუწოდა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას გააკეთა.
"მე ვნახე ეს კადრები. ეს არის კადრები, რომელიც უნდა გახდეს პროკურატურის ინტერესის საგანი და მე მოვუწოდებ პროკურატურას, დაინტერესდეს ამ კადრების შინაარსით, წარმომავლობით. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური დებატების საგანი არ არის ამ რეალობის განხილვა. მე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ გამომდინარე იქიდან, რომ არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმპცია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა. youtube-ზე ვიდეო დღეს appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია. პროკურატურა ინტერნეტში გავრცელებულ სკანდალური ვიდეომასალას გამოიძიებს. პროკურატურის ინფორმაცით შეისწავლის გავრცელებულ მასალას და მოკვლევის შედეგებს საზოგადოებას გააცნობს