ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება ხშირ შემთხვევაში არასათანადოა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ მოქალაქეები პოლიციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე დღესაც საუბრობენ და სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლის 6 ფაქტი წარადგინა, რომელიც გასული ორი თვის განმავლობაში საიას რამდენიმე მოქალაქემ მიმართა და პოლიციის თანამშრომლების მიერ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ განუცხადა.
„მოქალაქეეები საუბრობენ პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე. განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ წამების, ძალადობის, ცემის ფაქტების გამოძიების აუცილებლობას. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ასევე ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე რეაგირებას და მინდა, გითხრათ, რომ თითქმის არცერთ შემთხვევაში სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ვგულისხმობ იმას, რომ უმეტეს შემთხვევაში გამოძიება არ დაწყებულა, ან თუ რაღაც შემთხვევებში დაიწყო, ეს გამოძიება არ ყოფილა ეფექტური, ობიექტური და არ ვიცით, იმ პოლიციელებს, ვისზეც ეს მოქალაქეები საუბრობენ, დაეკისრათ თუ არა კანონით გათვალისწინებული რაიმე სახის პასუხსიმგებლობა",- განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისივე განცხადებით, საია ვერასდროს ვერ შეეგუება, ხელისუფლების მხრიდან რეაგირების არ მოხდენას, ვერც ერთ იმ ფაქტზე, სადაც მოქალაქეები ცემაზე, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობენ.
საიას განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მოქალაქე შიო კობიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მისი თქმით, 2013 წლის 27 ოქტომბერს, ღამის 2 საათზე, ვარდების მოედანზე, ძველი თბილისის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და სამმართველოში გადაიყვანეს. შ.კობიძის განცხადებით, პოლიციაში ის აწამეს, 4-5 ადამიანი დაუზოგავად სცემდა, ჭრილობაში ავტოკალამს აჭერდა, აგინებდა, ,,ცოცხების" გამოყენებით აშინებდა და დაინვალიდებას პირდებოდა. სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. შ.კობიძის ინფორმაციით წამების ფაქტის უშუალო მოწმეა მისი მეგობარი, რომელიც მასთან ერთად დააკავეს. შ.კობიძე მიუთითებს, რომ ადვოკატთან ერთად ბოლო სამი თვის განმავლობაში ითხოვს გამოძიების დაწყებას, თუმცა უშედეგოდ.