საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პოლიციის მხრიდან მოქალაქეების მიმართ დაფიქსირებული ძალადობის ფაქტები წარადგინა.
საიას ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ ცემასა და ძალადობას, არამედ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებასაც.საიას ხელმძღვანელი შსს-ს უმოქმედებაში ადანაშაულებს.
"არაერთხელ გვისაუბრია პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულზებზე. ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით არც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო რეაგირება არ მომხდარა. უმეტეს შემთხვევაში გამოძიება არც დაწყებულა", - განაცხადა საიას ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ.
საია-ში გამართულ ბრიფინგზე პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობაზე დაზარალებულმა შიო კობაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ის პოლიციამ მეგობართან ერთად თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობაში წაიყვანა.
„მანქანაში ჩამსვეს და ჯერ იქ მცემეს მაგრად, მერე თაბუკაშვილზე ჩამიყვანეს, ოპერის უკან მთელი ღამის განმავლობაში მაგინებდნენ და მცემდნენ. ჩემი მეგობარი დაკავებული არ იყო, მას უბრალოდ აყურებინებდნენ, როგორ მცემდნენ და მაწამებდნენ. მერე დაინახეს, რომ კისერში ჭრილობა მქონდა, იქ დაიწყეს პასტით დაჭერა და ასე მაწამებდნენ", - განაცხადა შიო კობიძემ.