სახალხო დამცველის აპარატმა მსჯავრდებულ ჯაბა სოფრომაძის საქმეზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მიმართა. უჩა ნანუაშვილის უწყება აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,2014 წლის 25 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამანტის #6 დაწესებულებაში მსჯავრდებული ჯაბა სოფრომაძე მოინახულა.
მსჯავრდებულმა საუბრის დროს განმარტა, რომ ის თანახმაა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაასაჯაროოს მის მიწოდებული ინფორმაცია.
მსჯავრდებულ ჯაბა სოფრომაძეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიყენებული აქვს სხეულის არა-ერთი თვითდაზიანება, მათ შორის, მოჭრილი აქვს მარცხენა ხელის ნეკა თითის ბოლო ფალანგა. მსჯავრდებულის განმარტებით, აღნიშნული დაზიანებები მან პროტესტის ნიშნად მიიყენა, რადგან მოთხოვნის მიუხედავად, არ ხდება მისი გადაყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის #2 დაწესებულებაში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულების ადმინისტრაცია მის მიმართ ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ჯაბა სოფრომაძის განმარტებით, მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ ქუთაისში და მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი ვერ ახერხებენ გარდაბნის რაიონში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულებაში მასთან პაემანზე შესახვედრად მისვლას.
დამატებით, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მსჯავრდებულ ჯაბა სოფრომაძის პრობლემებთან დაკავშირებით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და განაგძობს საკითხის შესწავლას", _ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.