"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო უნდა გაუქმდეს. როგორც საკითხის კომენტირებისას კაკაბაძემ განაცხადა სასჯელაღსრულების სამინისტროს საჭიროება არ არსებობს.
"თუ რაიმე საკანონმდებლო ცვლილებაა გასატარებელი დღეს პენიტენციალურ სისტემაში, ვფიქრობ, გასატარებელია ის, რომ სამინისტრო, როგორც რუდიმენტი აუცილებლად გასაუქმებელია, რადგან არანაირი საჭიროება სასჯელაღსრულების სამინისტროსა არ არსებობს. მოგეხსენებათ, რომ ის თავის დროზე იუსტიციის სამინისტროს იმიტომ გამოეყო, რომ აღნიშნული სამინისტროს შემადგენლობაში პროკურატურა შევიდა და ბუნებრივია, უკვე ინტერესთა კონფლიქტი იყო და სასჯელაღსრულება უნდა ყოფილიყო ცალკე. ამ მიზეზით მოხდა მისი დეპარტამენტის სახით გამოყოფა. თუ დღეს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს უნდა იყოს სამინისტროს დაქვემდებარებაში, მაშინ რატომ არ უნდა იყოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში და რა საჭიროა არამიზნობრივი ხარჯები, რაც დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროზე იხარჯება. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს უნდა იყოს მაინცდამაინც სამინისტროს დაქვემდებარებაში, მაშინ იყოს ნეიტრალური სამინისტროს, კერძოდ, იუსტიციის დაქვემდებარებაში და თუ ცალკე არსებობაა მისი საჭირო, მაშინ საკმარისია, რომ ის არსებობდეს დეპარტამენტის სახით", - განაცხადა კაკაბაძემ.