დღეს, 27 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში აუდიტის სამსახურსა და „დემოკრატიულ მოძრაობას" შორის დაგეგმილი სასამართლო განხილვა 30 იანვრისათვის გადაიდო
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის" იურიდიული სამსახურის თანამშრომელმა ქეთი ზაქარეიშვლიმა ჯურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
„ის რაც დღეს საქალაქო სასამართლოში ხდება, არაფერია თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის გაგრძელება. საქართველოს მოსახლეობა ელოდებოდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შედეგად, შეიცვლებოდა ის კაბალური კანონები, რომლებსაც თავის დროზე „ქართული ოცნებაც" აკრიტიკებდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მოხდა 1 ოქტომბრის შემდეგ.
მთელი წლის განმავლობაში ახალი ხელისუფლება თავს იმართლებდა იმით, რომ კოჰაბიტაცია და არსებული პრეზიდენტი ხელს უშლიდა იმაში, რომ რეალური ცვლილებები განეხორციელებინათ, თუმცა მოხდა ისე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც რეალური ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ კანონმდებლობა გახდეს უფრო ლიბერალური და სამართლიანი, არაფერი განხორციელებულა. უფრო მეტიც, ახალმა ხელისუფლებამ მშვენივრად მოირგო „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული უსამართლო კანონები.
„დემოკრატიული მოძრაობა" სამართლებრივი გზებით განადრძობს ბრძოლას იმისათვის, რომ აუდიტის სამსახურის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება არ იქნას სისრულეში მოყვანილი.
აუდიტის სამსახური „დემოკრატიულ მოძრაობის" 32 ათასი ლარით დაჯარიმებას მოითხოვს, წინასაარჩევნო პერიოდში სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. შესაბამისად ე.წ. „მოგელაძის კანონი", რომელიც ითვალისწინებს სამართალდარღვევის ორმაგ ოდენობას, ჯარიმა დაახლოებით 65 ათას მიაღწევს.