თბილისის საქალაქო სასამართლო პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებაში ბრალდებულ 13 პირს განაჩენს დღეს გამოუტანს. სისხლის სამართლის საქმის განხილვა უკვე დასრულდა.
ბოლო სხდომაზე მხარეებმა პროცესის მიმდინარეობა შეაფასეს. პროკურატურა ბრალდებულების გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია, დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ სახელმწიფო ბრალდებამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.
შეგახსენებთ, რომ თეთრაძის საქმის განხილვა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. სექსუალური ძალადობის განხორციელებისთვის, ორ მსჯავრდებულს სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში 13 ბრალდებულს შორის არიან ალექსანდრე მუხაძე, ოლეგ ფაცაცია, მეგის ქარდავა და გლდანის ციხის სხვა ყოფილი თანამშრომლები.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულ თეთრაძეს ჯაშუშობის აღიარებას სთხოვდნენ, წამების შემდეგ კი ის გლდანის #8 დაწესებულებაში 2011 წლის 23 სექტემბერს გარდაიცვალა.