უკრაინის შს მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო ირწმუნება, რომ პროფკავშირების სახლში და კიევის სახელმწიფო ადმინისტრაციაში ცეცხლსასროლი იარაღი იყრის თავს. განცხადებას ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„სამართალდამცავების ხელთ არსებული ოპერტიული ინფორმაციით, პროფკავშირების სახლში და კიევის სახელმწიფო ადმინისტრაციაში ცეცხლსასროლი იარაღი იყრის თავს. ამ ქმედებებზე, რომლებსაც უმაღლესი ხარისხის ექსტრემისტული ხასიათი აქვთ, საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს. ოპოზიციონერი ლიდერები რადიკალურ ძალებს არ ემიჯნებიან, ვერ აკონტროლებენ სიტუაციას და უკრაინის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიან", _ ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციების ლიდერებისა და მილიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა უშედეგოდ დასრულდა.
მისივე აზრით, ოპოზიციას უკვე ვერ ძალუძს რადიკალურ დაჯგუფებებთან გამკლავება.
„ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის დედაქალაქში მომხდარმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ჩვენმა მცდელობებმა მშვიდობიანად გადაგვეწყვიტა კონფლიქტი შედეგი ვერ გამოიღო", _ აცხადებს მინისტრი.