ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას ე.წ. მატროსოვის ციხეში მოთავსებას ხელისუფლების შეცდომად აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
თეა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განმარტა, რომ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია არ შეიძლება იყვნენ ციხეში, სადაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მუდმივად არ ინახება.
მინისტრის განცხადებით, პატიმრის დასახელებული ფაქტი დაუყოვნებლივ უნდა გადამოწმდეს.
"რაც მაწუხებს და ობიექტური რეალობაა, ვანო მერაბიშვილი მოთავსებულია ისეთ ციხეში, სადაც არ შეიძლება არ იყოს კამერები, რომელიც მისი პატიმრობის დასრულებამდე არ ინახავს იმ ფირებს, რომელიც მას ეხება, რა თქმა უნდა იმ დათქმით, რომ მისი პირადი ინტიმური ცხოვრება ასახული არ იქნება", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მერაბიშვილი და ახალია არიან იმ დონის პატიომრები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ იყვნენ ციხეში, სადაც არ არის მუდმივად შენახვადი კადრები.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ის აბსურდი, რაც მერაბიშვილმა განაცხადა, მარტივად შემოწმებადი იქნებოდა. მაშინ დავუშვით შეცდომა, როდესაც მატროსოვის ციხეში მოთავსდა და არა იმ ციხეში, სადაც უსაფრთხოების მაღალი დონეა და მათივე დატოვებული კამერებია", - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ შემდგომი "აბსურდული და დესტრუქციული" განცხადებების გამოსარიცხად ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია უნდა მოთავსდნენ მაღალი უსაფრთხოების იმ ციხეში, სადაც ვიდეოჩანაწერები ხანგრძლივად ინახება.