„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით წარმოშობილ მორიგ აჟიოტაჟს და მიიჩნევს, რომ ხსენებული თემით ყოველგვარი არაჯანსაღი სპეკულაციები უნდა დასრულდეს.
ორგანიზაციისთვის გასაგებია, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციაში 481 მუხლის არსებობით, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტიტუციის გადასინჯვის გართულებული პროცედურიდან გამომდინარე დღეს-დღეობით საკმაოდ რთულია ლეგალურად საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლა. თავისმხრივ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ქუთაისში მუშაობა რიგ შემთხვევებში მნიშვნელოვნად ზღუდავს სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებსა და პარლამენტს შორის კოორდინაციას, ზრდის საბიუჯეტო ხარჯებს, წარმოშობს დისკომფორტს პარლამენტის აპარატის თანამშრომელთათვის და, ზოგადად, აფერხებს საკანონმდებლო პროცესს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე, საზოგადოებაში მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლასთან დაკავშირებით.
ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საკითხის სიმწვავის მიუხედავად პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლა არ გახდეს კონსტიტუციური ნორმების დარღვევის საფუძველი. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციაში დებულება პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით 2009 წლის 24 სექტემბრიდან არსებობს. ნორმის მოქმედი რედაქციის თანახმად, რომელიც 2011 წლის 1 ივლისს იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი". „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისთა ასოციაციის" პოზიციით კონსტიტუციის 481 მუხლი უნდა განიმარტოს შინაარსობრივად და დაუშვებელია მისი ფორმალურად დაცვა იმ პირობებში როდესაც დაირღვევა შინაარსობრივი მხარე. შესაბამისად, ასოციაციისთვის მიუღებელია თითოეული ის ინიციატივა პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ ფორმალურად მოახდენს კონსტიტუციური ნორმის დაცვას.
საკითხის გადაწყვეტის მიზნით ასოციაცია მიესალმება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ადგილსამყოფელის კონსტიტუციურ დერეგულირებას, რაც გულისხმობს ქვეყნის ძირითადი კანონიდან 481 მუხლის ამოღებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში ძირითადი კანონით, როგორც წესი, პირდაპირ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის. აგრეთვე, ქართულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ისტორიაში ქვეყნის არცერთი კონსტიტუცია არ განსაზღვრავდა პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს და იგი რეგულირდებოდა პარლამენტის რეგლამენტით, რაც არ გამხდარა საკანონმდებლო ვაკუუმის შექმნის საფუძველი.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მოცემული რეალობის გათვალისწინებითაც, უპრიანი იქნება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ადგილსამყოფელი განისაზღვროს პარლამენტის რეგლამენტით. მით უმეტეს, მხედველობაში უნდა მივიღოთ ზემოხსენებული საკითხის სენსიტიურობა ქუთაისის მაცხოვრებელთა ინტერესების ჭრილში და აქედან გამომდინარე დავსახოთ ის შესაძლო ვარიაციები, რომელიც დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელის გადასინჯვასთან.
„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს - როგორც უმრავლესობის, ისე, უმცირესობის წევრებს რაც შეიძლება მოკლე ვადებში დაიწყოს კონსტიტუციიდან 481 მუხლის ამოღების მიზნით 2012 წლის 29 ნოემბერს ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის კენჭისყრის პროცედურა, რომელზეც უკვე გაიმართა საყოველთაო-სახალხო განხილვები. ვფიქრობთ, სწორედ ეს გახდება პირველი წინგადადგმული ნაბიჯი პარლამენტის ადგილსამყოფელის იმგვარად განსაზღვრის საქმეში, რომელიც საბოლოო ჯამში ხელს არ შეუშლის ქ. ქუთაისის ეკონომიკურ წინსვლას და ამავდროულად არ დააზარალებს ზოგად-სახელმწიფოებრივ ინტერესებს." - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა, თორნიკე ჭეიშვილმა.