სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებში მომხდრ ინციდენტის თაობაზე და განცხადებას ავრცელებს რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,2014 წლის 15 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები ს.ქ. და რ.გ. მსჯავრდებულ ს.ქ.-ს აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა მარცხენა წარბის არეში და მოწითალო-მოლურჯო ფერის სისხლჩაქცევის კვალი ორივე მაჯაზე.
მსჯავრდებულთა განმარტებით, 2014 წლის 14 იანვარს დაახლოებით 23:30 საათზე, სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში მათთან პალატაში შევიდა დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი და მოსთხოვა დაწესებულების დირექტორთან გაყოლა. მსჯავრდებულთა განცხადებით, ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისთანავე მათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოუტრიალეს ხელები, დაადეს ხელბორკილები, წააქციეს და მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდგომ, მსჯავრდებულები მოათავსეს საბადრაგო მანქანაში და გადაიყვანეს სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებულთა მიღების დროდ მითითებულია 01:00 საათი. მე-6 დაწესებულებაში მიყვანისას მსჯავრდებულ ს.ქ.-ს აღენიშნებოდა დაზიანების კვალი, რაც დაფიქსირდა დაწესებულების ექიმის მიერ.
საქართველოს სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძება აღნიშნულ ფაქტზე. ამავდროულად, გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე წინადადება გადაიგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში. სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წინადადებაში ყურადღებას ამახვილებს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა გვიან ღამით სხვა დაწესებულებაში გადაყვანის მიზანშეწონილობაზე", _ნათქვამია ნანუაშვილის მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები