თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ იარაღით ვაჭრობის აბსურდულ ბრალდებასთან დაკავშირებით საფრანგეთში გამოძიება არ მიმდინარეობს. ფრანგი ადვოკატების განცხადების ქართულ ვერსიას ,,რუსთავი-2" ავრცელებს: ,,მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებისა და კვირეების განმავლობაში ცილისმწამებლურ ბრალდებებს ჩვენი კლიენტის მიმართ და საფრანგეთიდან ექსტრადიციის პროცედურის განვითარებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას. თავს მოვალედ მივიჩნევთ, გაცნობოთ, რომ დავით კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ქართული მხარის მოთხოვნაა მისი ექსტრადიციის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ საფრანგეთის ხელისუფლებას გაუგზავნა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი გამოძიება, მითუმეტეს დევნა იარაღით ვაჭრობის აბსურდულ ბრალდებასთან დაკავშირებით კეზერაშვილის წინააღმდეგ საფრანგეთში არ მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია არის ცილისწამება და იოლად ექვემდებარება გადამოწმებას საფრანგეთის შესაბამის ორგანოებთან. ჩვენ არაერთი სენსიტიური საქმე გვიწარმოებია, როგორც ფრანგი, ისე უცხოელი თანამდებობის პირებისა და საჯარო პერსონების დასაცავად, მაგრამ უნდა გამოვტყდეთ, რომ გაოგნებული ვართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეზერაშვილის საქმეში გამოვლენილი უპრეცედენტო პოლიტიკური ზეწოლით, რომელიც მიზნად ისახავს საფრანგეთის სასამართო და ხელისუფლება დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე დაითანხმოს. გამუდმებული ზეწოლა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი კლიენტისადმი წარდგენილი ბრალი და ექსტრადიციის მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებულია. სამართლიანი სასამართლოს ფრანგული სტანდარტის უგულებელყოფის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ ქართულ მედიაში გაჟონა სამუშაო დოკუმენტმა, რომელიც ჩვენი მოთხოვნით მომზადდა და რომლის საბოლოო ვერსია ჩვენ წარვუდგინეთ სასამართლოს. ეს დოკუმენტი სწორედ იმას ამტკიცებს, რომ დავით კეზერაშვილი სუფთა და კანონიერ ბიზნესს აწარმოებდა გასული წლების განმავლობაში და აქარწყლებს იმ ბრალდებას, თითქოს ის კორუფციული სქემების მეშვეობით გამდიდრდა", - ნათქვამია კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატების განცხადებაში.