31 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონის „თბილისი" თანამშრომლებმა კომპანიის მიერ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, ჩინეთიდან შემოტანილი საქონლის ნაწილი შეაჩერეს. შეჩერებულია, კერძოდ, კანის კრემები (2 880 ცალი - 150 მლ-იანი შეფუთვა) - შესაფუთ მასალაზე ნიშნით NIVEA; შამპუნები (240 ცალი - 750 მლ-იანი შეფუთვა; 2 880 ცალი - 400 მლ-იანი შეფუთვა; 9 600 ცალი - 200 მლ-იანი შეფუთვა) - შესაფუთ მასალაზე ნიშნით Head & Shoulders; ქალის ჰიგიენური საფენები (14 688 ცალი) - შესაფუთ მასალაზე ნიშნით Always Ultra. საქონლის საერთო ღირებულებაა 11 777,04 აშშ დოლარი, მათ შორის, არადეკლარირებული ღირებულება - 253,44 აშშ დოლარი.
აღნიშნული საქონელი, სავარაუდოდ, წარმოებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შეტანილი სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების დარღვევით. „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საქონელი შეჩერდა 10 სამუშაო დღით. ინფორმაცია საქონლის შეჩერების შესახებ ეცნობა საქონლის მფლობელსა და სასაქონლო ნიშნის მფლობელს.