ხელისუფლება პასუხს აგებს იმ დანაშაულზე, რომელიც ციხიდან ჩემს გაყვანას უკავშირდება, - განაცხადა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ვანო მერაბიშვილმა. მისი თქმით, დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 12-14 წელია.
"ამდენი ხანი ღარიბაშვილის და ივანიშვილის ხელისუფლება აღარ იარსებებს და ისინი პასუხს აგებენ", - განაცხადა მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მოკვლევის კომენტირებისას, რომელიც მერაბიშვილის მიერ მისი ციხიდან გაყვანის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ ჩატარდა.
"ჩემი ციხდან გაყვანა პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილისადმი მიცემული დავალებაა, რომელიც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ბრწყინვალედ აღასრულა. ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც გონია, რომ ფსიქოანალიზის ძალიან კარგი მცოდნეა, ჩათვალა, რომ მე ისეთი რეაქცია მექნებოდა, როგორიც მათ, 6 თვე რომ თვითონ მჯდარიყვნენ საკანში",-განაცხადა მერაბიშვილმა.