ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის N 2 დაწესებულების ყოფილი დირექტორი დიმიტრი ჯიჭონაია პატიმართა მიმართ განხორციელებულ ცემა-წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ სცნო და 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
დიმიტრი ჯიჭონაია აღნიშნული ბრალდებით 2013 წლის 15 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა პატიმართა მიმართ განხორციელებული ცემა-წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ოთხ ეპიზოდზე. კერძოდ, 2011 წლის 5 აგვისტოს პატიმრების გ.ფ-სა და დ.თ-ს მიმართ, რადიოს მაღალ ხმაზე ჩართვის გამო დასჯის მიზნით, ცემა წამების ორი ეპიზოდი, დანაშაულები გათვალისწინებული სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "ე", "ზ" ქვეპუნქტით. ასევე, 2012 წლის თებერვალსა და აგვისტოში პატიმრების რ.გ-სა და ზ.დ-ს მიმართ არაადამიანური მოპყრბის ორი ეპიზოდი. დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "ე", "ზ" ქვეპუნქტით.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიების შედეგად შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილი ბრალდების ოთხივე ეპიზოდში.