სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულ ჯაბა სოფრომაძის მიერ თვითდაზიანების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ „GHN"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მსჯავრდებულმა ჯაბა სოფრომაძემ ვენები გადაიჭრა, სიმართლეს არ შეესაბამება (http://ghn.ge/news-101360.html ).
„მსჯავრდებულმა რამდენიმე დღის წინ მართლაც მიიყენა თვითდაზიანება, თუმცა კონფიდენციალობის პრინციპიდან გამომდინარე, თვითდაზიანების ფორმას ვერ დავასახელებთ. თვითდაზიანების მიყენებისთანავე სოფრომაძეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად მსჯავრდებულს გადაყლაპული აქვს გარკვეული საგანი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ჯაბა სოფრომაძე სასჯელს 2009 წლიდან მეორე ვადით, ქურდობის მუხლით იხდის. წინა სასჯელი მან თაღლითობისთვის მოიხადა. მსჯავრდებულს ამნისტიით უკვე შეუმცირდა სასჯელი 2 წლით და 3 თვით. მოსახდელი დარჩა 1 წელი და 10 თვე.
მსჯავრდებული აცხადებდა, რომ სასჯელის კანონით დადგენილი ნაწილის მოხდის მიუხედავად, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით მისი საქმე არ განხილულა. რეალურად, 2013 წლის 16 სექტემბერს, სოფრომაძის განცხადების საფუძველზე, სასამართლომ სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებიდან გამოითხოვა მსჯავრდებულის საქმე, რომელიც სასამართლოში 20 სექტემბერს გადაიგზავნა. მსჯავრდებულის საქმის გარეშე კი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განხილული ვერ იქნება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
განვამრტავთ, რომ ფაქტის შესახებ ჩვენ მსჯავრდებულ სოფრომაძის ახლობლემა შეგვატყობინეს. ურიგო არ იქნება, სამინიტრო ასეთივე რეაგირებას თუ მოახდენს სააგენტოს მიერ 2013 წლის 3 დეკმებერს გამოქვეყნებულ მასალაზე (http://ghn.ge/news-99693.html ), რომელშიც მსჯავრდებული კონკრეტულ პირებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.