თურქეთის ქალაქ გებზეში კუსტარულად დამზადებული სასმელის ინტოქსიკაციის შედეგად ხუთი ქართველის გარდაცვალების ფაქტზე ორი ადგილობრივი დააკავეს. როგორც ,,იმედის" ეთერში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ტრაპზონში ირაკლი ასაშვილმა განმარტა დაკავებულია იმ საწარმოს ხელმძღვანელი სადაც ქართველები მუშაობდნენ და საწარმოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
,,თურქეთში აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია საწარმოს ხელმძღვანელი, სადაც საქართველოს მოქალაქეები მუშაობდნენ. მას შეფარდებული აქვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა და მას ბრალად ედება უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალურად დასაქმება, ასევე სამედიცინო მომსახურების დროულად არ გაწევა. ასევე დაკავებულია საწარმოს თანამშრომელი ვინც საქართველოს მოქალაქეებისთვის ტექნიკური სპირტი შეიძინა", -განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ტრაპზონში ირაკლი ასაშვილმა
შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს თურქეთის ქალაქ გებზეში კუსტარულად დამზადებული სასმელის ინტოქსიკაციით შვიდი ქართველი მოიწამლა, რომელთაგან ხუთი დაიღუპა.