ქურდულ სამყაროსთან მიმართებით კანონი თუ გამკაცრდება, თორემ არანაირი ცვლილება არ იქნება. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობა" არარსებულ ფაქტთან დაკავშირებით ისტერიკაში დაადანაშაულა.
"ქურდულ სამყაროსთან მიმართებით კანონი თუ გამკაცრდება, თორემ არანაირი ცვლილება არ იქნება, არც პოლიტიკურად და არც კანონმდებლობის თვალსაზრისით, იმის მიუხედავად, რომ გასული წლის დეკემბერში პატიმართა შიმშილობების ნაწილი სწორედ აღნიშნული მუხლის შეცვლას ეხებოდა. მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ნებისმიერ საკითხზე შეიძლება დიალოგი, მაგრამ ამ საკითხზე არავითარი დიალოგი არ შედგება", - განუცხადა სუბარმა.
მისვე თქმით, არსებობს ათეულობით ფაქტი და დასტური იმისა, თუ როგორ თანამშრომლობდა თავად "ნაციონალური მოძრაობა" კრიმინალურ ავტორიტეტებთან და როგორ იმართებოდა მათი მეშვეობით ციხეები.
"ის, თუ როგორ მართავდა თავად "ნაციონალური მოძრაობა" ციხეებს, ამის რამდენიმე ფაქტი გამოვაქვეყნეთ დღეს და კიდევ მეტის გამოქვეყნება შეგვიძლია, მაგრამ ამას ერთი მიზეზის გამო ვერიდებით. რეალურად, ეს პატიმრები კრიმინალური ავტორიტეტები არიან თუ სხვა, ჩვენი დაცვის ქვეშ იმყოფებიან და ვალდებულები ვართ, მათი უსაფრთხოება დავიცვათ. დღეს რომ გამოვაქვეყნოთ გვარები, ვინც თანამშრომლობდა ციხის ადმინისტრაციასთან და მათი მეშვეობით შემდეგ ადმინისტრაცია სჯიდა სხვა პატიმრებს, აქრობდნენ შიმშილობებს, აიძულებდნენ პატიმრებს, რომ სტრასბურგიდან საჩივრები გამოეტანათ, ეს სასიკვდილო განაჩენი იქნება ამ ადამიანებისთვის და ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას ვერიდებით", - განაცხადა სუბარმა.