გიგი უგულავა პროკურატურაში იმყოფებოდა. უგულავა საგამოძიებო უწყებაში ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და გირაოს გაფრთხილების ოქმს ხელი მოაწერა. როგორც ჟურნალისტებთან უგულავას ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განმარტა: ,,ჩვენ გუშინ გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად შევიტანეთ ქონება, რომელზეც მოვითხოვეთ, რომ პროკურატურამ გაატაროს კანონით განსაზღვრული მოთხოვნა, დაადოს ყადაღა და ჩაითვალოს გირაოს გადახდილ თანხად. ბინა უგულავს სახელზე არ არის, ის არის ნინა კილაძის სახელზეა, თუ არ ვცდები, გიგის სიდედრია, რომელმაც უძრავო ქონება ჩაუდო",
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოიტანა. მთავარი პროკურატურა თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდა. წინასასამართლო სხდომა 5 თებერვალს ჩაინიშნა.
თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.