8 იანვარს, 10:30 საათზე, დაიწყება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, ბრალდებულების ანდრია ჭულეხაძის, კახა გოჩაშვილის, გულნარა კახნიაშვილის, თამაზ კასრაძის მიმართ.
ანდრია ჭულეხაძეს, კახა გოჩაშვილს, გულნარა კახნიაშვილს, თამაზ კასრაძეს ბრალი ედებათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი მონაცემების შეტანასა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლებაში.
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა 6 იანვარს, დასრულდათბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან, მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით შეირჩა 12 ნაფიცი მსაჯული და 2 სათადარიგო მსაჯული, რომლებიც უშუალოდ განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეს და მიიღებენ გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს.
ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.