თბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაჯარიმების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,2013 წლის 30 დეკემბერს თბილსის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ივანე მერაბიშვილის სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს, ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, სხდომის მდივანმა შეამოწმა ბრალდების მხარისა და მოსამართლის მიკროფონი, რამაც დარბაზში მცირედი ხმაური გამოიწვია. სისტემის ტექნიკური გამართულობის შემოწმების შემდეგ ბრალდებული დაინტერესდა, თუ რამ გამოიწვია ხმაური, რაზედაც მას სხდომის მდივნისგან განემარტა მიკროფონის ტექნიკური გაუმართაობის შესახებ. ახსნა-განმარტებით უკმაყოფილო ივანე მერაბიშვილმა ხმამაღალი და უცენზურო სიტყვებით მოიხსენია სხდომის მდივანი და სასამართლო.
აღნიშნული ქმედებით მხარემ დაარღვია წესრიგი და გამოხატა სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთილ იქნა მანდატურისა და საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მიერ. მითითებული გარემოებები დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისა და სხდომის მდივნის მოხსენებითი ბარათები და თანდართული მასალები და ბრალდებულ ივანე მერაბიშვილს დააკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულება საჩივრდება ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. განკარგულება აღსრულებისათვის გადაეგზავნება შესაბამის სააღსრულებო ბიუროს", _ნათქვამია განცხადებაში.