"ნაცმოძრაობა" გმობს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის იმ განცხადებას, სადაც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" „ოპონენტებად" მოიხსენია. აღნიშნულის თაობაზე პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,ის რომ მიმდინარე დაპატიმრებებისა და დაკითხვების კამპანიას არაფერი საერთო არ აქვს კანონის უზენაესობასთან და წარმოდგენს სამართალდამცავი ორგანოების ბოროტად გამოყენებით წარმოებულ პოლიტიკური ანგარიშსწორებას დასტურდება მთავრობისა თუ საპარლამენტო უმრავლესობის არაერთი ლიდერის პირდაპირი განცხადებით. ხშირად ხდება დაპატიმრებებისა თუ დაკითხვების წინასწარ, პოლიტიკოსთა მიერ დაანონსება.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გმობს წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და შესაბამისი უმაღლესი განათლების არმქონე ამჟამინდელი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ გაკეთებული განცხადებას, სადაც იგი ,,ნაციონალურ მოძრაობას" „ოპონენტებად" მოიხსენიებს.
საქართველოს კანონმდებლობით, მთავარი პროკურატურა წარმოადგენს დამოუკიდებელ, ობიექტური გამოძიების ვალდებულების მქონე დეპოლიტიზებულ ინსტიტუტს და ვალდებულია იხელმძღვანელოს მხოლოდ და მხოლოდ კანონის ნორმებით.
ოპოზიციის ოპონენტად მოხსენიება წარმოადგენს ღია განაცხადს იმის თაობაზე რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა მთავრობის ხელში იქცა პოლიტიკურ იაღაღად რომელიც გამოიყენება პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესიების მიზნით. მიუხედავად ამისა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს ბრძოლას და ოპოზიციის ფუნქციის - პასუხი მოსთხოვოს მთავრობას შეუსრულებელ დაპირებებზე - ზედმიწევნით შესრულებას", _ნათქვამია განცხადებაში.