საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგი უგულვას გუშინდელ ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული , სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარ ივანე მერაბიშვილთან შეხვედრაში დადანაშაულების შემდეგ, ოთარ ფარცხალაძის ყაჩაღად შერაცხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, მთავარი პროკურორი ნებისმიერი ხერხით ჩამოაცილონ დაკავებულ თანამდებობას და დისონანსი შეიტანონ პროკურატურის გამართულ საქმიანობაში.
"მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ გააქტიურა გამოძიება მთელ რიგ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებზე და პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის თბილისის მერი გიორგი უგულავა, ხსენებული ბრალდებულების ხელმძღვანელობით „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაიწყო და აქტიურ ფაზაში შევიდა პოლიტიკური შანტაჟის და დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია საქართველოს მთავარი პროკურორის წინააღმდეგ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარ ი.მერაბიშვილთან შეხვედრაში დადანაშაულების შემდეგ, დღეს უკვე მისი ყაჩაღად შერაცხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, მთავარი პროკურორი ნებისმიერი ხერხით ჩამოაცილონ დაკავებულ თანამდებობას და დისონანსი შეიტანონ პროკურატურის გამართულ საქმიანობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავარი პროკურატურა აუცილებლად გააგრძელებს კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, აცნობიერებს რა რომ დანაშაულთან ბრძოლა ქვეყნის განვითარების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა მარტივი საქმე. საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი, ხოლო მცდელობა, გამოძიების პროცესი პოლიტიკურ დევნად გასაღდეს, კრახით დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენბთ, რომ გიგი უგულავას ინფორმაციით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში გასამართლებულია ყაჩაღობისთვის.
როგორც უგულავამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ, მანამ, სანამ საზოგადოება მიიღებს სრულ პასუხს ამ საქმესთან დაკავშირებით, ოთარ ფარცხალაძე თანამდებობას უნდა ჩამოაშოროს.
"საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა. მე მოვითხოვ საქართველოს მთავრობისგან, დაუყოვნებლივ რეაგირებას, რომ მოხდეს თანამდებობიდან ჩამოშორება ოთარ ფარცხალაძის, ვიდრე საზოგადოება სრულად მიიღებს პასუხს ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომელ საქმეშიც მსჯავრდებულია გერმანიაში საქართველოს დღევანდელი მოქმედი მთავარი პროკურორი", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამ საქმეს გერმანიიდან გამოითხოვს".